ახალციხეში ევროპის დღის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა

2018-10-12
კიდევ ერთი სახალისო და საინტერესო ევროპის დღე გაიმართა, ამჯერად ახალციხეში. შაბათს, 2018 წლის 29 სექტმბერს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ, ევროკავშირის პარტნიორებთან ერთად, ახალციხეში ევროპის დღის აღსანიშნავი ღონისძიება გამართა. ამ დღეს, ისტორიული რაბათის ციხე გარდაიქმნა ევროსოფლად, სადაც ნებისმიერ სტუმარს შესაძლებლობა ჰქონდა მთელი დღის მანძილზე ემოგზაურა ევროკავშირში და მონაწილეობა მიეღო მრავალ გასართობ ღონისძიებაში.

ევროპის დღეზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ევროკავშირის განვითარების პროგრამებს, მიეღოთ მეტი ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორ ქმნის ევროკავშირი მეტ შესაძლებლობებს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისთვის.

ევროპის დღე ოფიციალურად გახსნეს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა, ბესიკ ამირანაშვილმა, ახალციხის მერმა, ზაზა მელიქიძემ, ფრანგმა სენატორებმა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელმა, მიკოლა ბეკასიაკმა.

ღონისიებაზე, ENPARD-ის რამდენიმე ბენეფიციარმა, ახალქალაქის და ბორჯომის მუნიციპალიტეტებიდან, ევროკავშირის დაფინანსებით წარმოებული სასფლო-სამეურნეო პროდუქცია გამოფინა. სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გამოფინეს კოოპერატივებმა: “მოსხი”, “ხულგუმო 2010”, “მზიური ჯავახეთი”, “მთის სურნელი”. სოფლის განვითარების ინიციატივები: “კომბინირებული საკვები”, “ხის სუვენირები”, „საქართველოს ვირტუალური ტური“, ახალქალაქისა და ბორჯომის განვითარების ჯგუფებთან ერთად წარსდგნენ ღონისძებაზე. ასევე, მონაწილეობა მიიღო სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმაც, რომელმაც ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი სასოფლო-სამეურნეო კვლევითი ლიტერატურა და უნივერსიტეტის სადემონსტრაციო ნაკვეთში მოყვანილი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გამოფინა.

ევროპის დღის აღნიშვნა ოქტომბრის თვეში გაგრძელდება. შემდეგი გაჩერება ბათუმი იქნება.