ახალქალაქის განვითარების ჯგუფმა ევროპის დღის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

2019-05-20
16 მაისი 2019, ახალქალაქი. მრავალეთნიკური კულტურილი პროგრამა, ტკბილეული და ნუგბარი ბავშვებისთვის, ადგილობრივი ნაწარმის დეგუსტაცია და სხვადასხვა გასართობი აქტივობები ელოდა მოსახლეობას ახაქალაქის ცენტრალურ ბაღში, სადაც ევროპის დღე აღინიშნა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ახალქალაქში ევროკავშირის სოფლის განვითარების პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) და ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) წარმომადგენლებმა.

ღონისძიების მთავარი ორგანიზატორი იყო “საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ”, რომელმაც ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის და ევროკავშირის სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობით კიდევ ერთი საინტერესო და სახალისო დღე აჩუქა ადგილობრივ მოსახლეობას. მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ როგორც საჯარო ასევე კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. დღის განმავლობაში, სტუმრებს ევროკავშირის პროგრამებსა და დაფინანსებული პროექტების გაცნობის შესაძლებლობა მიეცათ.

განსაკუთრებით სახალისო დღე  იყო ბავშვებისთვის: დარიგდა ტკბილეული, სახალისო ბროშურები, ბუშტები, დროშები ევროკავშირის სიმბოლიკით. “მნიშვნელოვანია მსგავსი ღონისძიებები ახალქალაქში ხშირად გაიმართოს. ბავშვებს განსაკუთრებით იზიდავს და ახარებს ეს ყველაფერი. გარდა ამისა, საშუალება გვეძლევა ოჯახებთან ერთად, სასიამოვნო გარემოში გავატაროთ დრო, რაც ევროკავშირის ღირებულებების გაზიარებაშიც გვეხმარება” - აღნიშნა ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრმა თამაზ კარაპეტიანმა.

პროექტს “სოფლის განვითარების ახალი მიდგომის ხელშეწყობა ახალქალაქში” ახორციელებს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, სოფლის მეურნეობის განვითარების და პროფესიული სწავლების დეპარტამენტი (DRDVE/GIPA). პროექტის პარტნიორები არიან მერსი ქორფსი, ELVA საზოგადებრივი ჩართულობა და დასავლეთ კორკის განვითარების პარტნიორობა (WCDP). პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირი საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD)   ფარგლებში.

ევროკავშირი (EU) ხელს უწყობს სოფლად სიღარიბის შემცირებასა და სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის დახმარებით. საქართველოში პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: www.enpard.ge