სასწავლო ტური ყაზბეგში

2017-10-16
მიმდინარე წლის 12-13 ოქტომბერს, ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრები გასვლითი ტურით იმყოფებოდნენ ყაზბეგში. ვიზიტის მთავარი მიზანი LAG-ის წევრებისთვის გამოცდილების გაზიარებაა. ორი დღის განმავლობაში, LAG-ის წევრები გაეცნენ ადგილობრივი განვითარების სტრატეგიას, საგრანტო კონკურსების პრინციპებსა და სხვადასხვა გამოწვევას პროექტის განხორციელების პერიოდში. ყაზბეგის განვითარების ჯგუფი ჩამოყალიბდა 2015 წელს და მათ მხარდაჭერას უწევს ორგანიზაცია “ადამიანი გაჭირვებაში”.

ახალქალაქის განვითარების ჯგუფში 30 წევრია გაერთიანებული. მათი ძირითადი ფუნქცია მუნიციპალიტეტის საჭიროებების გამოვლენა, შესაბამისი სტრატეგიების დასახვა და განხორციელებაა. ამ ეტაპზე, მათ მხარდაჭერას უწევს პროექტი “სოფლის განვითარების ახალი მიდგომის ხელშეწყობა ახალქალაქში”, რომელსაც ახორციელებს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტი (GIPA/GRDG), ENPARD-ის პროექტის ფარგლებში. სტრატეგიის შემუშავების შემდეგ, LAG-ის წევრები შეეცდებიან დამატებითი ფონდები მოიძიონ სხვადასხვა აქტივობისა და ღონისძიების განსახორციელებლად. გარდა ადგილობრივი გამოცდილების გაზიარებისა, ჯგუფის წევრებს პერიოდულად ტრენინგებს უტარებს ირლანდიის დასავლეთ კორკის პარტნიორობა.